
1918 წელი
დაიწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნი

კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილის მიერ დაიწერა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნი „დიდება“
6 ივლისი
„ცისფერყანწელების“ დეკლარაცია

გაიმართა „ცისფერი ყანწების“ პოეზიის საღამო. პაოლო იაშვილმა წაიკითხა „ცისფერი ყანწების“ დეკლარაცია
5 სექტემბერი
ახალი კინოთეატრი
იხსნება ახალი ელექტრო-თეატრი „კინოტიტანიკი“. ახალგადაკეთებულ შენობაში არის დიდი დარბაზი, საკუთარი ელექტრონის სადგური და გერმანული სისტემის აპარატი „იკა“.
7 სექტემბერი
თეატრი „არგონავტების ნავი“

გოლოვინის პროსპექტზე, #10-ში გაიხსნა ახალი თეატრი „არგონავტების ნავი“. ლამაზად მორთულ დარბაზში თავი მოეყარათ ქართველ მწერლებს, პოეტებს, ეროვნულ საბჭოს წევრთ და რუს მხატვრებს. მათი მიზანია მოაწყონ ისეთი კუთხე, სადაც შეიკრიბებიან თბილისის ლიტერატურული ძალები და ხელოვნები სრულებით დაშორებულნი იქნებიან პოლიტიკას. პოეტმა გოროდეცკიმ წარმოსთქვა სიტყვა ქართულ ხელოვნებაზე და დალია სადღეგრძელო „ცისფერი ყანწების“ იქ მყოფი პოეტების. გოროდეცკის უპასუხა რეჟისორმა ალექსანდრე წუწუნავამ, რომელმაც სთქვა, რომ საქართველოში არის არა მარტო „ცისფერი“, არამედ „წითელი ყანწებიც“, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ თავისუფლებასთან ერთად, მიანიჭებს თავისუფლებას ხელოვნებასაც.
6 ოქტომბერი
დასრულდა „ქრისტინეს“ გადაღებები

გერმანე გოგიტიძემ დაასრულა „ქრისტინეს“ კინემატოგრაფიული ლენტი. პიესა პირველად ტფილისის კინემატოგრაფებში წავა.
18 ოქტომბერი
„ანონა“ და „ქიმერიონი“

ყოფილ რესტორან „ანონა“-ს ბინა საქართველოს მწერალთა კავშირს გადაეცა. იქ მოეწყობა მწერალთა კაფე „ქიმერიონი“
25 დეკემბერი
„ქართველი დედა“

სახელმწიფო თეატრში გაიმართა ავქსენტი ცაგარელის ისტორიული პიესა „ქართველი დედა“ შალვა დადიანის რეჟისორობით. შემოსული თანხა გადაირიცხა ომის საჭიროებისათვის.
26 დეკემბერი
დავით ერისთავის „სამშობლო“

კლუბ „მუშტაიდში“ ალექსანდრე წუწუნავას მიერ დაიდგა სპექტაკლი დავით ერისთავის „სამშობლო“, საიდანაც შემოსული თანხა გადაერიცხა თავდაცვის ფონდს.
1919 - 31 იანვარი
საარჩევნო ლექსები

გაზეთ „ერთობაში“ გამოქვეყნდა საარჩევნო ექსპრომტი ლექსები:
- აი, აქვე, ამ ადგილას გამათავოს ზეცით მეხმა, თუ ეროვნულ-დემოკრატებს მივაშავო კვირას მე ხმა!
- ორ პოეტში რომელს ირჩევ გვაზავას თუ მოხუც ჰომერს? ორ ნომერში რომელს მისცემ მეორეს თუ პირველ ნომერს?
- მე „მეორე ნომერი“ ვარ არ გაბრიყვდე მომეცი ხმა, თუ გსურს თანაბრად იკვნესოს უცხომა და ჩვენმა გლეხმა!
5 თებერვალი
პირველი ქართული ოპერა

სახელმწიფო თეატრში გაიმართა დიმიტრი არაყიშვილის პირველი ქართული ოპერის „თქმულება შოთა რუსთაველზე“-ს პრემიერა ცნობილი საოპერო დასის შესრულებით. პარტიებს ასრულებდნენ ვანო სარაჯიშვილი, სანდრო ინაშვილი, კალანდაძე და სხვ. უამრავი მაყურებელი აღტაცებით შეხვდა ამ მოვლენას. დიმიტრი არაყიშვილს საზეიმოდ გადასცეს ეროვნული დროშით შემკული გვირგვინი.
21 თებერვალი
„აბესალომ და ეთერის“ პრემიერა

სახელმწიფო თეატრში დაიდგა ოპერა „აბესალომ და ეთერი.“ წარმოდგენას ესწრებოდნენ მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ამერიკის მისიის წარმომადგენლები და მრავალრიცხოვანი მაყურებელი. ავტორი - ზაქარია ფალიაშვილი დაჯილდოვდა თეთრი გიორგის ორდენით. აბესალომის როლს ასრულებდა ზალიბსკი, ხოლო ეთერისას ბახუტაშვილი–შულგინა. დადგმა ეკუთვნოდა ალექსანდრე წუწუნავას.
მაისი
ქართული მხატვრობის პირველი გამოფენა

ყოფილი „დიდების ტაძარში“ დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით მოეწყო ექსპოზიცია, სადაც ერთი წლის წინ გარდაცვლილი ფიროსმანის რვა ტილო და ამასთან ერთად იმ დროის თანამედროვე მხატვრების, ლადო გუდიაშვილისა და დავით კაკაბაძის ნამუშევრები გამოიფინა, რომელნიც შემდეგ, როგორც ლაურეატები გაიგზავნენ პარიზში.... გალაკტიონი იხსენებდა, რომ ეს იყო გამოფენა, რომელმაც საფუძველი დაუდო ეროვნულ გალერეას.
26 მაისი
პირველი ქართული მხატვრული ფილმის პრემიერა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის წლისთავზე, კინოთეატრ „აპოლოში“ პირველი სრულმეტრჟიანი ქართული მხატვრული ფილმის, „ქრისტინეს“ პრემიერა გაიმართა. პროდიუსერმა გერმანე გოგიტიძემ ფილმის ჩვენებები მთელ საქართველოში გამართა. იქ, სადაც ელექტროენერგია არ იყო, ის ფილმს საბარგო მანქანაზე დამონტაჟებული სპეციალური დანადგარით აჩვენებდა მაყურებელს.
11 ივნისი
ახალი ლიტურღია

სიონის ტაძარში წირვის დროს პირველად შესრულდა ახალი ლიტურღია და მუსიკა დიმიტრი არაყიშვილისა. მლოცველნი ორ ნაწილად გაიყვნენ: ახლის მოტრფიალენი და მამა-პაპური გალობის მომხრენი.
11 ივლისი
მთავრობის მხარდაჭერა
მთავრობამ სახელმწიფო თეატრისთვის გამოყო ყოველთვიური სუბსიდია 20 000 მანეთის ოდენობით 10 მილიონიანი ფონდიდან.
10 აგვისტო
დამოუკიდებელი საქართველოს გერბი

ხელოვნებათა სექციამ, პროფესორ ივანე ჯავახიშვილის მოხსენების თანახმად, დაადგინა, რომ სახელმწიფო გერბად არჩეულ იქნას თეთრი გიორგისა და შვიდი მნათობის გამოსახულება, რადგან იგი ისტორიულად და ტრადიციულად დაკავშირებულია ქართველი ხალხის არსებობასთან.
19 ნოემბერი
უცხოელი ჩინოსნების ვიზიტი
ერევნიდან თბილისში ჩამოვიდა სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე ა.ი. ხატისოვი. ასევე, 3 სთ-ზე ბაქოდან ჩამოვიდა აზერბაიჯანის მთავრობის თავმჯდომარე უსუმბეკოვი. ისინი შეხვდნენ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, ევგენი გეგეჭკორს. შეხვედრის შემდეგ დაესწრნენ ოპერა „აბესალომ და ეთერის“. ხალხი მათ ტაშით შეხვდა. შესრულდა საქართველოს, აზერ- ბაიჯანის, სომხეთის და ამერიკის ჰიმნები.
29 ნოემბერი
„აბესალომ და ეთერის“ სწავლება

ქართულს სამუსიკო საზოგადოებაში ქართული საოპერო სტუდია შეუდგა ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „აბესალომ და ეთერის“ სწავლას.
11 დეკემბერი
„ქეთო და კოტე“-ს პრემიერა

პირველად დაიდგა ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“
27 დეკემბერი
„ქიმერიონის“ სხდომა

მწერალთა კლუბის „ქიმერიონის“ გახსნის გამო დაიგეგმა მწერალთა საზეიმო სხდომა.
14 იანვარი
დამოუკიდებლობისთვის მიძღვნილი საღამო

საზეიმო სპექტაკლი „აბესალომ და ეთერი“ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას მიეძღვნა. თეატრის ორკესტრმა და ხორომ ქართული ეროვნული ჰიმნი, „დიდება“ შეასრულა. უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენლებისადმი მისალმების დროს შესრულებულ იქნა თითოეული უცხო სახელმწიფოს ჰიმნი.
8 თებერვალი
ნოე ჟორდანიას ბიუსტი

მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძემ დაასრულა ნოე ჟორდანიას ბიუსტის დამზადება.
9 თებერვალი
თეატრის ჩამორთმევის საქმე
ქალაქის საბჭომ დაადგინა, იძულების წესით ჩამოართვას საარტისტო საზოგადოების თეატრი და შენობა, მის პატრონს დავით საგნაგსკის. თუ ფასის შესახებ შეთანხმება არ მოხდება, მაშინ, თანახმად კანონისა, საგნაგსკის შენობის საფასურად მიეცემა 397 254 მანეთი, რადგან ამ ფასად არის შეფასებული შენობა.
15 თებერვალი
დავით კლდიაშვილის იუბილე

შედგა დავით კლდიაშვილის იუბილე, რომელსაც მრავალი მოღვაწე დაესწრო. მათ შორის მრავლად იყვნენ „ცისფერყანწელები“. „საქართველოს რესპუბლიკამ“ კი მას ლექსი მიუძღვნა:
- ცივი ქვეყნის ქების ქარმა თავის წყაროდ ვერ გაქცია, შენი ძალა შენს მიწაზედ სწორედ გსურდა დაგექცია და ასედაც მოიქეცი ვაშა! ჩვენო ტკბილო ძია. სალამს გაძლევს „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქცია
6 მარტი
დირიჟორ სტოლერმანის საქმე

სახელმწიფო თეატრის დირიჟორმა, სამუელ სტოლერმანმა, რევოლვერით მოკლა თვისი ცოლი. გაირკვა, რომ სტოლერმანს ცოლი ჩაგრავდა, მას არ უნდოდა სტოლერმანს „აბესალომ და ეთერისთვის“ ედირიჟორა, სძულდა ქართული მუსიკა. ის ქმარს ფიზიკურად უსწორდებოდა. 15 იანვარს სტოლერმანმა გადაწყვიტა ან თავი მოეკლა ან ცოლი. დილით გაღვიძებულს პარტიტურიდან ამოხეული დახვდა ფურცლები, ის შევიდა ცოლის ოთახში და მოკლა. სახლიდან გამოსულს გზად „აბესალომ და ეთერის“ ავტორი, ზაქარია შეხვდა, მას უამბო მომხდარი. სასამართლოს მისთვის უვადო პატიმრობა უნდა მიესაჯა, მაგრამ გაამართლა.
12 მარტი
კინოჩვენებები
კინემატოგრაფ „მიმინოში“ მიმდინარეობსდა პირველი ქართული სურათის, ეგნატე ნინოშვილის მოთხრობიდან „ქრისტინეს“ ჩვენება. „მიმინოში“ ასევე აჩვენებდნენ – „საქართველოს დამოუკიდებლობის წლის თავს“, „გვარდიის დღესასწაულს“ და სხვა
17 მარტი
შალვა დადიანის ახალი წარმოდგენა
დღეს თეატრში შალვა დადიანის დასასვენებლად გამგზავრების წინ გაიმართება წარმოდგენა, მისი ახალი პიესისა „გეგეჭკორი“.
9 ივლისი
გრიგოლ რობაქიძის მოხსენება

სახელმწიფო თეატრში, საინიციატივო ჯგუფი იწვევს ყველა ქართველ ხელოვანს: მწერლებს, პოეტებს, მხატვრებს, მსახიობებს, მუსიკოსებს. გრიგოლ რობაქიძე გააკეთებს მოხსენებას თანამედროვე მომენტებზე – „ხელოვანთა მოვალეობა“.
21 ივლისი
სიმონ ფირცხალავას წერილი
სამსონ ფირცხალავა თავის წერილში „სადაა ქართული თეატრი?“, უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის შესახებ, რომ თეატრს, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ეროვნული თვითშეგნების განვითარებისათვის, სათანადო ყურადღება არ ექცევა არც მთავრობისა და არც საზოგადოების მხრიდან. „ჩვენს არსებობაში რომ კულტურის განცდა ძლიერი იყოს, მით განმსჭვალული იყოს ჩვენი ბუნება, ასე სუსტი არ იქნებოდა დღეს საქართველოში კულტურული მუშაობა, ასე მცირე ადგილი არ ექნებოდა დათმობილი საგანმანათლებო მუშაობას“
1918 წელი
6 ივლისი
5 სექტემბერი
7 სექტემბერი
6 ოქტომბერი
18 ოქტომბერი
25 დეკემბერი
26 დეკემბერი
1919 - 31 იანვარი
5 თებერვალი
21 თებერვალი
მაისი
26 მაისი
11 ივნისი
11 ივლისი
10 აგვისტო
19 ნოემბერი
29 ნოემბერი
11 დეკემბერი
27 დეკემბერი
14 იანვარი
8 თებერვალი
9 თებერვალი
15 თებერვალი
6 მარტი
12 მარტი
17 მარტი
9 ივლისი
21 ივლისი














