ნოე რამიშვილი ნოე რამიშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

1881-1930 1881-1930
ბიოგრაფია
შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, პირველი მსოფლიო ომის ნარჩენების და ადამიანთა გარკვეულ ჯგუფში თავმოყრილი მონდომების პირმშოა. ნოე რამიშვილი ამ ადამიანთა ჯგუფის ანუ სოციალ-დემოკრატიული პარტიის გამოკვეთილი წევრი და ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე, 1881 წლის 7 დეკემბერს, გლეხის ოჯახში დაიბადა. ნათლობის სახელად ნაომი ჰქონდა, ბიბლიური სახელია და “ნუგეშს” ნიშნავს. ამ სახელს ხშირად შეხვდებით მის საბუთებსა და პოლიციის დოკუმენტებში. სწავლობდა ოზურგეთისა და ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ კი იურიევისა(ტარტუს) და ლაიფციგის უნივერსიტეტში.

თანამოაზრეებისგან განსხვავებით, მას არ მიუღია ცარიზმის პერიოდის სატუსაღოებისა და გადასახლებების გამოცდილება. ამის ნაცვლად, ნოე პარტიულ საქმიანობას აქტიურად ეწეოდა.

მთავრობის თავმჯდომარე

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა
1918 წლის 26 მაისიდან, იმავე წლის 24 ივნისამდე, ნოე რამიშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გახლდათ. ასევე იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციას. თანამედროვეების დახასიათებით ნოე არაჩვეულებრივი სტრატეგი, დიპლომატი და პუბლიცისტი გახლდათ. ის არასდროს იბნეოდა და არც ერთ დიდ გაჭირვებაში სასოწარკვეთილება არ იპყრობდა.

შეუპოვარი გახლდათ მიღებული გადაწყვეტილების გატარებაში; რთული საკითხების მოგვარებაში მისგან მოელოდნენ დაბრკოლებათა დაძლევას, გადალახვას. მისი ხასიათის მიდრეკილება იყო პირდაპირობა, უშიშრობა, პატიოსნება და ერთგულება ეროვნული საქმის მიმართ. ნოეს ყოველთვის შეეძლო ხალხთან საერთო ენის გამონახვა. ის ყოველთვის მოუწოდებდა თანაპარტიელებსა და აგიტატორებს, რომ ხალხთან მარტივად, გასაგებად ესაუბრათ და ასევე არ დაემალათ არც ერთი წარუმატებელი ნაბიჯი.

ნოე და სახელმწიფო

1918წ. 30 ოქტომბერი
ნოესა და აკაკი ჩხენკელს სურდათ ილიას ნამდვილი მიმდევრების - ნიკო ნიკოლაძის, გიორგი გვაზავასა და ივანე ზურაბიშვილის მთავრობაში შეყვანა. ღრმად იყვნენ დაწრმუნებულები, რომ სწორედ მათ შეეძლოთ საქართველოში ლიბერალური ეკონომიკის შექმნა.

მაგრამ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ექსტრემისტმა წევრებმა არ დაუჭირეს მხარი ილიას მიმდევართა მთავრობაში შეყვანას. რამიშვილი მთელი ძალ-ღონით ცდილობდა მშვიდობა შეენარჩუნებინა ქვეყანაში. დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან მტკიცედ გასცემდა განკარგულებებს ქვეყანაში წესრიგის დამყარებასთან დაკავშირებით.
 
ნოე ძალიან კარგი პუბლიცისტი იყო. თავისი მრავალფეროვანი კარიერის განმავლობაში გახლდათ გაზეთ “ერთობის” რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნაშრომი. 1923 წელს გამოვიდა ჟორდანიასა და რამიშვილის ერთობლივი ნაშრომი - "ბრძოლის საკითხები“. 1931 წელს, მისი გარდაცვაელბის შემდეგ, გამოიცა ნაშრომი - “დემოკრატიული სოციალიზმი”.
 
წიგნს წინ უძღოდა მისი მეუღლის, მარიამ გოგიაშვილის პატარა წერილი:

“ხშირად მეტყოდი, ჩვენს ახალგაზრდობას არ ესმის რა არის სოციალიზმი, არც სახელმძღვანელო აქვთ, უნდა მარტივი, გასაგები ენით დავწეროო”.

ამბობს მარო საკუთარ წერილში. ნოეს კარგად ესმოდა, რომ დაკარგული დამოუკიდებლობის დაბრუნების საფუძველი, მხოლოდ განათლებული ახალგაზრდობა შეიძლებოდა გამხდარიყო.
 
 
1921 წლიდან ატქიურად ეწეოდა საქმიანობას ბოლშევიკთა წინააღმდეგ. იყო ევროპის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წრეებში საქართველოს ოკუპაციის საკითხის პროპაგანდისთვის შექმნილი კომისიის წევრი. მონაწილეობდა ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, საერთო ფრონტის შექმნის მიზნით, პარტიათა შორის მოლაპარაკებებში. ემხრობოდა 1924 წლის აჯანყებას საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ. ნოეს არ შეუწყვეტია მუშაობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად.

სწორედ მისი ეს ალღო, შორსმჭვრეტელობა და დამოუკიდებლლობისთვის თავდაუზოგავი ბრძოლა გახდა მიზეზი იმისა, რომ საბჭოთა რუსეთმა ნოე არ დაინდო. 1930 წლის 7 დეკემბერს, ქართველმა ემიგრანტმა, პარმენ ჭანუყვაძემ “ჩეკას” დავალებით მოკლა ნოე რამიშვილი.